English / ქართული / русский /
ლია ჩარექიშვილი
საქართველოში განათლების მდგომარეობის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი

შესავალი

ბოლო ათწლეულების მანძილზე აქტუალურია განათლების  სისტემაზე დისკუსია, მიმდინარე რეფორმების კრიტიკა, თუმცა არავინ აღნიშნავს იმას, რომ ეს სწორედ ის სფეროა, რომლის გარდაქმნა მარტივად არ ხდება და რამდენიმე თაობას უხდება გავლა იმ რთული, “ექსპერიმენტული“ პროცესებისა, სანამ საბოლოო სახით ჩამოყალიბდება. ამასთან, პროცესები შეუქცევადია და მუდმივი განახლების პროცესშია. სიახლის დანერგვა ნებისმიერ სფეროში მტკივნეულია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შედეგის ასახვა მომენტალურად არ ხდება.

განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების დახასიათებისთვის საქსტატში განუწყვეტლივ ხორციელდება სტატისტიკური კვლევის კითხვარების დახვეწა იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი და განვითარებული სისტემა საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართული მოსწავლე/სტუდენტების რეესტრის წარმოება, წინ გადადგმული ნაბიჯია. ზოგადად, რეესტრების სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა, რა თქმა უნდა, სასურველიცაა და აუცილებელიც. თუმცა აღნიშნული სამუშაო საკმაოდ ძვირადღირებულია.

ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც  აღიარებული იქნება საერთაშორისო მასშტაბით. გაცვლითი პროგრამების მეშვეობით ხორციელდება მოსწავლეების/სტუდენტების მსოფლიოს ქვეყნებში გაგზავნა, რომელიც ჩვენი თანამემამულეებისთვის დიდი გამოცდილების მომტანია, ეცნობიან მათი სწავლების სისტემას, სახელმძღვანელოებს, პრაქტიკული მეცადინეობის თავისებურებებს და სხვ.  

ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია კურსდამთავრებულთა დასაქმება მიღებული პროფესიის შესაბამისად. საქართველოში არ ჩატარებულა ოფიციალური სტატისტიკური კვლევა, თუმცა მიმაჩნია, რომ აუცილებელია. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, განათლების მიღება მომავალი ჯანსაღი თაობების აღზრდის მნიშვნელოვანი ბერკეტია. სწორედ აქეთაა მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა.

1. საქართველოს განათლების სისტემის ზოგიერთი მაჩვენებელი

სკოლამდელი განათლების მონაცემების რამდენიმეწლიანი სიცარიელე აღმოფხვრა საქართველოს კანონმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, მუხლი 12, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მონაცემების შეგროვების და გამოქვეყნების ვალდებულებას. დღეისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო სკოლამდელი დაწესებულებების მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის სექტემბრისთვის ის შეადგენდა 1438 დაწესებულებას, მასში ჩართული იყო 153.2 ათასი აღსაზრდელი და 12.4 ათასი აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე.

2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში აღირიცხებოდა 2308 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიშიც სწავლობად 575.2 ათასი მოსწავლე; აქედან 223 კერძო სკოლაა 57.2 ათასი მოსწავლით. კერძო სკოლების რაოდენობა 19 ერთეულითაა შემცირებული 2015-2016 სასწავლო წელთან შედარებით, თუმცა მოსწავლეთა რიცხოვნობა გაზრდილია 2.2 ათასი მოსწავლით.

მოსწავლეთა რიცხოვნობა განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCED 2011) შესაბამისად, საფეხურების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: დაწყებითი განათლების საფეხურზე - 305.6 ათასი, საბაზო განათლების - 147.2 ათასი, ხოლო საშუალო განათლების - 122.4, ზოგადად, საშუალო სკოლაში ჩაბმის მაჩვენებლი შესაბამისი ასაკის მოსახლეობასთან მიმართებაში -  108.2 %.  

cxrili 1

საბაზო და საშუალო განათლების მიღების მაჩვენებლები

 

%

       

 

2010

2017

გოგო

ბიჭი

გოგო

ბიჭი

მიიღო:

       

საბაზო განათლება (დაასრულა 9 კლასი)

48

52

47

53

საშუალო განათლება (დაასრულა 12 კლასი)

49

51

48

52

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო. 

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ ხელი შეუწყო მრავალი კერძო, ფასიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩამოყალიბებას, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პროცესები  დარეგულირდა კანონმდებლობით და 2017–2018 სასწავლო წლის დასაწყისისათვის ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებდა 20 სახელმწიფო და 55 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

სტუდენტთა რიცხოვნობამ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017–2018 სასწავლო წელს ბაკალავრიატის პროგრამებზე 71559 სტუდენტი შეადგინა, მაგისტრატურასა ან რეზიდენტურაზე 18481 და პროფესიულ პროგრამაზე 3587. იმავე მაჩვენებელმა კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეადგინა შესაბამისად 37163; 11803; 1215 სტუდენტი.

რაც შეეხება პროფესიული განათლების პროგრამებს, 2017 წლის ბოლოსათვის ფუნქციონირებდა 125 დაწესებულება, რომელთაგან 11 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, 34 - პროფესიული კოლეჯი, 49 - საზოგადოებრივი კოლეჯი, 31 - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. აღნიშნული დაწესებულებები განახორციელებენ სწავლების 5 საფეხურს. არსობრივი სხვაობა საზოგადოებრივ და პროფესიულ კოლეჯს შორის შემდეგია:

საზოგადოებრივი კოლეჯი  – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია, განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა; ხოლო პროფესიული კოლეჯი  - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

2017 წლის ბოლოსათვის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 15.6 ათასი სტუდენტი (აქედან 7356 ქალია და 8276 კაცი), ხოლო ამავე წელს დაასრულა სწავლა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტით 9774 კრსდამთავრებულმა (აქედან 4622 ქალია და 5152 კაცი).

 

 გრაფიკი 1

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობა გაორმაგდა 2011/2012 სასწავლო წელთან შედარებით, ხოლო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 32.0%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 6-ჯერ გაიზარდა უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა. უცხოელი სტუდენტების უმეტესობა სწავლობს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე (71.0%), ხოლო 22.0% - სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამებზე.  

მნიშვნელოვანი მაჩვენებელია კურსდამთავრებულთა რაოდენობა, რამდენადაც სტუდენტების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა მიზეზებით იჩერებს სტატუსს, რომელიც 5 წლითაა შესაძლებელი. კურსდამთავრებულთა რაოდენობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სტუდენტების საერთო რიცხოვნობის შესაბამისად იზრდება.

რაც შეეხება სადოქტორო პროგრამებს, 2017 წლის მონაცემებით 2011 წელთან შედარებით, რიცხოვნობა შემცირებულია 7.0%-ით. სადოქტორო პროგრამებიდან ყველაზე რეიტინგულ მიმათულებებს წარმოადგენს: სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის სფეროები, ხოლო ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადია სოფლის მეურნეობა.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებაზე გამოყოფილმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი ხარჯების 12.2%, ხოლო წილი მშპ-ში - 4.9 %. 

გრაფიკი 2

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის მიერ განათლებაზე გაწეულმა საშუალო თვიურმა ხარჯებმა მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში 2016 წელს შეადგინა 3.5%, ნაცვლად 2012 წლის 4.3%-ისა.

2. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ზოგიერთი მაჩვენებელი 

განათლების მიღების შემდეგ შრომის ბაზარზე შესვლა ყველა ახალგაზრდის წინაშე მდგარი გამოწვევაა. განათლების დასრულების შემდეგ სამუშაოს ძიება მაღალკონკურენტულ შრომის ბაზარზე ბევრი ახალგაზრდისთვის არის როგორც საინტერესო, ასევე იმედგაცრუებებით სავსე ეტაპი მათ ცხოვრებაში. მოსახლეობის აღწერა მდიდარ ინფორმაციას გვაწვდის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მოსახლეობის აღწერა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია, რომელიც უამრავ ინდიკატორს იძლევა საქმიანობის ყველა მიმართულების მიხედვით,  ერთ-ერთია ქვეყნის მოსახლეობის განათლების მიღწეული დონის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. საქართველოში ძალიან მცირეა დაწყებითი განათლების არმქონე პირთა რაოდენობა. 25-64 წლის ასაკის მთლიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 5 000-მა მიუთითა, რომ არ ჰქონდათ მიღებული დაწყებითი განათლება, თუმცა შეეძლოთ წერა და კითხვა. ამ ჯგუფის დაახლოებით 6 000-მა პირმა კი განაცხადა, რომ იყვნენ წერა-კითხვის უცოდინარი. 25-29 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენენ პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება (109 000 პირი). ამჟამად, 25-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში 755 000 პირს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, ხოლო 482 000 პირს - პროფესიული განათლება. განათლების მიღწეული დონე ახალგაზრდა თაობაში უფრო მაღალია, ვიდრე წინა თაობაში.

25-29 წლის ასაკის ახალგაზრდებში უმაღლესი განათლების მქონე პირთა პროცენტული წილი (39,8%) თითქმის ემთხვევა 30 – 39 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს, თუმცა საგრძნობლად აღემატება 40-49 წლის ასაკობრივი ჯგუფისას (33,7%). ასაკის მატებასთან ერთად მცირდება უმაღლესი განათლების მქონე პირთა წილი მოცემული ასაკობრივი ჯგუფის შიგნით. უმაღლესი განათლების მიღწეული დონის მხრივ, ქალების პროცენტული წილი მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცებისას. 25–29 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ქალების 44,1%-ს აქვს უმაღლესი განათლება მაშინ, როცა მამაკაცების მხოლოდ 35,5%-ია უმაღლესი განათლებით, სხვაობა მათ შორის 8,6%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლის თვალსაზრისით სქესთა შორის სხვაობა შედარებით ნაკლებია უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის. 30–39 წლის ასაკობრივ ჯგუფში სხვაობა შეადგენს 6,2%-ს. 50–59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სხვაობა უმნიშვნელოა, ხოლო 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში უმაღლესი განათლების მქონე პირთა პროცენტული წილი უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

განათლების მიღწეული დონის თვალსაზრისით ახალგაზრდა ქალების მაღალი მაჩვენებელი არ შემოიფარგლება მხოლოდ უმაღლესი განათლებით. პროფესიული განათლების მქონე პირების წილი ასევე უფრო მაღალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. 20 – 24 წლისა და 25 – 29 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, პროფესიული განათლების მხრივ უფრო მაღალი წილი მოდის ქალებზე, ვიდრე მამაკაცებზე.

პროფესიული განათლების მქონე პირების პროცენტული წილი გაცილებით მაღალია უფროსი ასაკის თაობაში, ვიდრე ახალგაზრდებში, რაც აშკარად მიუთითებს ახალგაზრდებში პროფესიული განათლებიდან უმაღლეს განათლებაზე გადასვლის ტენდენციაზე. საქალაქო დასახლებებში განათლების დონე უფრო მაღალია ახალგაზრდებში, უფროს თაობებთან შედარებით. მაგ., 25-29 წლის ასაკის ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარს, ანუ 86 000 პირს, მიღებული აქვს უმაღლესი განათლება მაშინ, როცა 60 - 64 წლის ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია უმაღლესი განათლებით (45 000 პირი). რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, აქაც, უმაღლესი განათლების მქონე პირების წილი უფრო მაღალია ახალგაზრდებში, ვიდრე უფროს თაობაში, თუმცა ახალგაზრდებს შორის უმაღლესი განათლება მხოლოდ 20%-ს აქვს.

დასკვნა

მიმდინარე სტატისტიკის და მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ანალიზის საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ მოსახლეობის განათლების რაოდენობრივი მაჩვენებლები  დამაკმაყოფილებელია. ამ თვალსაზრისით, საქართველო ყოველთვის იყო და არის მოწინავე პოზოციებზე. თუმცა მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლები არ არის დამახასიათებელი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზი.

მოსახლეობის აღწერის მონაცემების დეტალური ანალიზი ბევრი საინტერესო გამოწვევის წინაშე დააყენებს საქართველოს მოსახლეობას, მმართველობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს. ჩემი კვლევა კვლავ გრძელდება იმ მიმართებით, რომ დავადგინო, მიღწეული განათლება როგორ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამ მისიის შესრულება იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება, ჩემი მთავარი გამოწვევაა. ამას აძლიერებს ისიც, რომ მდგრადი განვითარების (SDG) მიზანი − „ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“ მიღწეული უნდა იყოს 2030 წლისთვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Gagnidze, I.(2018) The Role of International Educational and Science Programs for Sustainable Development (Systemic Approach), Kybernetes. Vol. 47, No. 2, pp. 409-424. https://doi.org/10.1108/K-03-2017-0114 (Accessed 16 February, 2018).
  2. Gagnidze, I. and Maisuradze, N., (2016) “Systemic effects of international educational and scientific links. Proposals for the development of educational and scientific national system in Georgia”, Int. J. Markets and Business Systems, Vol. 2, No. 1, pp.25–44. http://www.inderscience.com/info/inarticle.php?artid=78102 (Accessed 23 February, 2018).
  3. Lia Charekishvili (2015), Higher Education System in Georgia: Reforms and  Modern Challenges.http://www.iises.net/proceedings/teaching-education-conference-amsterdam/table-of-content/detail?article=higher-education-system-in-georgia-reforms-and-modern-challenges-pp. 61-68. (Accessed 27 February, 2018).
  4. ჩარექიშვილი ლ., უმაღლესი განათლების სისტემის ანალიზი საქართველოში, თსუ  “ეკონომიკა და ბიზნესი” N3, გვ. 123-142
  5. ჩარექიშვილი ლ., მეცნიერებისა და განათლების ეკონომიკის საკითხები თანამედროვე საქართველოში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, 2013 წ. 17 მაისი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, “გლობალიზაცია და მეცნიერების აქტუალური პრობლემები 21-ე საუკუნეში”. გვ. 131-135
  6. „საქსტატის“ ვებგვერდი (www.geostat.ge).
  7. ქალი და კაცი საქართველოში, სტატისტიკური პუბლიკაცია, საქსტატი, (თბილისი 2017).
  8. ახალგაზრდები საქართველოში, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა, თბილისი 2017, გვ. 46-49. http://census.ge/files/results/publication/ge/5.%20YOUTH-Print-GEO_F.pdf [28. 02. 2018]